მეღვინეობა

ჩვენ გვჯერა, რომ ვქმნით რაღაც განსაკუთრებულს და სუფრაზე წარმოვადგენთ გამორჩეულ ღვინოს, რომელსაც შეუძლია მოხიბლოს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელი.

   მეღვინეობა – ეს ის ამოსავალი წერტილია, რომელზეც კომპანიის ღირებულებები და მიზნები დგას. მისი გამართული, ხარისხიანი და შეუფერხებელი მუშაობა თბილღვინოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კომპანიის უდიდესი რესურსი, დრო და ენერგია მეღვინეობის განვითარებისკენ არის მიმართული.

თბილღვინო ორ საწარმოს ფლობს თბილისსა და ყვარელში, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიებითა და ტექნიკითაა აღჭურვილი. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ყოველწლიურად 7.5 მილიონი ლიტრი მაღალხარისხიანი ღვინო ვაწარმოოთ. თბილღვინოს ყვარლის საწარმოში განთავსებულია ქვევრების მარანი, სადაც ქვევრის ხაზის ღვინოები ინახება. თბილისის საწარმოში კი მუხის კასრის საცავებია, პრემიუმ ხაზის – „განსაკუთრებული მარაგის“ ღვინოების დასავარგებლად.

თბილღვინო 29 განსხვავებული დასახელების ღვინოსა და 3 სახის ჭაჭას აწარმოებს, რომლებიც ევროპული ტექნოლოგიებისა და ქართული ტრადიციული მეთოდების შერწყმით მზადდება. კომპანია მუდმივად ზრუნავს, ასორტიმენტის განახლებაზე და ცდილობს, მომხმარებელს მრავალფეროვანი და საინტერესო არჩევანი შესთავაზოს.

2008 წლიდან, თბილღვინო სერტიფიცირებულია ISO 22000 და ISO 9001 სტანდარტით, რაც პროდუქციის უსაფრთხოების მენეჯმენტს  და ხარისხის კონტროლს მოიცავს. ორივე საწარმოში, პერიოდულად ტარდება როგორც შიდა, ასევე გარე აუდიტი, მიღებული სტანდარტების შესანარჩუნებლად.

ჩვენ ვამაყობთ პროფესიონალი და ერთგული მეღვინეების ჯგუფით, რომლის წევრებიც დროსა და ენერგიას არ იშურებენ, საუკეთესო ხარისხის ქართული ღვინის შესაქმნელად.

 

ვენახები

თბილღვინომ ვენახების გაშენება, იტალიელი მევენახეების კონსულტაციებით, 2014 წელს დაიწყო და დღეს ის ნაკვეთებს ფლობს კახეთის ისეთ მიკროზონებში, როგორებიცაა ქინძმარაული და მუკუზანი. უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებული ნერგები 226 ჰექტარზეა გაშენებული და სრული ტერიტორია წვეთოვანი სარწყავი სისტემითა აღჭურვილი. ეს შესაძლებლობას იძლევა, ვაზს ზუსტად იმ რაოდენობის წყალი მივაწოდოთ, რაც მისი სწორი განვითარებისა და გვალვის შოკის თავიდან ასაცილებლადაა საჭირო.

დღეს კომპანიის მფლობელობაში არსებული ვენახებია:

  • ქინძმარაულის მიკროზონა, ქ. ყვარლის მიმდიბარე ტერიტორია –  32 ჰექტარი საფერავის ვენახი;
  • მუკუზნის მიკროზონა, სოფელი ვაჩნაძიანი – 127 ჰექტარი საფერავის ვენახი;
  • მუკუზნის მიკროზონა, სოფელი შაშიანი – 47 ჰექტარი საფერავის ვენახი, 10 ჰექტარი ქისი, 10 ჰექტარი კახური მწვანე.

ყვარლის ვენახები დახრილია სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, ნიადაგი ალუვიურ-დელუვიურია, საშუალო კარბონატობით. ის შეიცავს მდინარე დურუჯის ქვიშას, რაც საფერავის მაღალხარისხიანი ყურძნის მიღების წინაპირობაა ქინძმარულისთვის.

ვაჩნაძიანის ვენახები დახრილია ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, ნიადაგი დელუვიურია, ზომიერად კარბონატული, შეიცავს დიდი რაოდენობით ქვას და არის ხირხატიანი, რაც იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მუკუზნის არომატული ღვინოები ვაწარმოოთ.

შაშიანის ნაკვეთი დახრილია ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, ნიადაგი მდელოს ყავისფერია, ზომიერად კარბონატული, არის ძლიერი სტრუქტურის და იძლევა შესაძლებლობას, მაღალხარისხიანი ყურძენი  მივიღოთ მუკუზნის, ქისისა და კახური მწვანის ღრმა არომატის მქონე ღვინოების საწარმოებლად.

თბილღვინომ პირველი მოსავალი 2017 წელს აიღო საკუთარი ვენახებიდან. სამომავლოდ ის გაფართოებასა და ახალი ვენახების გაშენებას გეგმავს კახეთის რეგიონის სხვადასხვა მიკროზონაში.

ლაბორატორია

ნებისმიერი წარმატებული მეღვინეობისთვის ლაბორატორია აუცილებელი და თითქმის განუყოფელი ნაწილია, რისი მნიშვნელობაც ჩვენ ძალიან კარგად გვესმის. სწორედ ამიტომ, თბილღვინოს ორივე საწარმოში ფუნქციონირებს თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია.

კვლევა ნიადაგის შემოწმებიდან იწყება და ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე გრძელდება. ის გადის დეტალურ შემოწმებას და ანალიზს ალკოჰოლის შემცველობაზე, გოგირდზე, შაქრიანობასა და სხვა ყველა მნიშვნელოვან პარამეტრზე. ამის გარდა, ყოველდღიურად კონტროლდება ღვინის ხარისხის მაჩვენებლები, რომ დარწმუნებული ვიყოთ ჩვენი პროდუქტის უსაფრთხოებასა და საიმედოობაში.