ჩვენ შესახებ

   თბილღვინო ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან. გამოცდილი მეღვინეები, ადგილობრივი ყურძნის ჯიშების ნაირსახეობა და ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდების ახალ ტექნოლოგიებთან შერწყმა არის ის, რაც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, ღვინის მოყვარულებს ხარისხიანი პროდუქტი და მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს.

  თბილღვინოს ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელმაც მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ბაზარზე და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

  1999 წლიდან კომპანიას სათავეში ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები ჩაუდგნენ, რის შემდეგაც სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო თბილღვინოს ისტორიაში. საფუძველი ჩაეყარა ღვინის წარმოების ახალ, თანამედროვე ფილოსოფიას, რომლის იდეაც გახდა მომხმარებელი, ინდივიდუალური სურვილებითა და განსხვავებული გემოვნებით.

  2008 წელს თბილისის საწარმოს სრული რეკონსტრუქცია გაკეთდა. შენობა ყველა თანამედროვე ტენდენციის გათვალისწინებით გარემონტდა და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა. ამავე წელს თბილღვინომ ISO 22000 და ISO 9001 სერტიფიკატები მოიპოვა, რის შედეგადაც სერტიფიცირებული ბიზნესის აკადემიის (ACB) წევრი გახდა.

   2009 წელს კომპანიამ N1 ღვინის ექსპორტიორის სტატუსი დაიმსახურა, რასაც მომდევნო 9 წელი სტაბილურად ინარჩუნებდა.

   2011 წელს თბილღვინომ თავისი მასშტაბების გაფართოება გადაწყვიტა და საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით ახალი ღვინის საწარმოს მშენებლობა დაიწყო ყვარლის რაიონში.

   2012 წლიდან კი ახალი საწარმო უკვე მზად იყო პირველი ბოთლის ჩამოსასხმელად. ყვარლის საწარმოში ყურძნის გადამუშავება და ღვინის სტაბილიზაცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითა და ტრადიციული მეთოდების გათვალისწინებით სრულდება.

  დღეისთვის, კომპანიის სახელზე ორი უდიდესი ღვინის საწარმოა, რაც მას შესაძლებლობას აძლევს წლიურად 7.5 მილიონი ბოთლი ღვინო აწარმოოს. ამის გარდა, თბილღვინო 226 ჰექატარზე გაშენებულ საკუთარ ვენახებს ფლობს მუკუზნისა და ქინძმარაულის მიკროზონებში, რომლებიც წვეთოვანი სარწყავი სისტემითაა აღჭურვილი. მათი გაშენების პროცესი, იტალიელი მევენახეების კონსულტაციებით, 2013 წელს დაიწყო, 2017-ში კი კომპანიამ შეძლო პირველი მოსავალი აეღო.

   დაარსებიდან დღემდე, თბილღვინომ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

ხარისხის კონტროლი

   თბილღვინოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჰიგიენისა და სანიტარიის ნორმების ზედმიწევნით სწორად დაცვას, რისი დასტურიც არის ის, რომ კომპანია 2008 წლიდან სერტიფიცირებულია ISO 22000 (სურსათის უვნებლობა) და ISO 9001 (ხარისხის მართვა) სტანდარტებით. სერტიფიცირების სფეროებია: ვენახები, წარმოების მთლიანი პროცესი და ლოჯისტიკა.

   მასერტიფიცირებელ და სადამკვირებლო აუდიტებს შვეიცარიული კომპანია SGS ატარებს, ხოლო სერთიფიკატებს ბრიტანული კომპანია UKAS-ი გასცემს. რესერტიფიცირება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ხდება.

   2018 წელს თბილღვინომ წარმატებით გაიარა აუდიტი და პირველივე მცდელობაზე გადავიდა ხარისხის მენეჯმენტის ახალ სტანდარტზე (9001:2015), რაც რისკებზე დაფუძნებულ ხედვას გულისხმობს.

   ხარისხის მართვის დეპარტამენტი სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელებთან ერთად ყოველკვირეულად განიხილავს ხარისხთან, სურსათის უვნებლობასთან, შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს.

მისია და მიზნები

ჩვენი მისია:

თბილღვინოს მისიაა, უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის წარმოებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებაში და აამაღლოს ქართული ღვინის რეპუტაცია საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენი მიზნები:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოება;
  • საკუთარი ვენახების განვითარება, ძველი ქართული ვაზის ჯიშების აღორძინება და ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდების შენრჩუნება;
  • ლიდერის პოზიციის შენარჩუნება აგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე.

სამომავლო გეგმები

თბილღვინო ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე. წლიდან წლამდე ყველა მიმართულებით ვითარდება და იხვეწება პროცესები. ხდება მიღწეული შედეგის გაზომვა და ახალი, შიდა სტანდარტის დაწესება.  

კომპანია განაგრძობს საკუთარი ვენახების გაშენებას. საუკეთესო ტერუარებში ხდება მიწის ნაკვეთების შეძენა და ვენახების გაშენება იტალიელი კონსულტანტების დახმარებით. საბოლოო მიზანია ყურძნის მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება საკუთარი ვენახებიდან. 

პარალელურად ხდება საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა უახლესი ტექნოლოგიებით.